Paulsrekorder - "Anna"

12.17.2011

10.09.2010

:)

6.09.2010

„მეც ხომ შემეკვეცა ფრთები,

იქნებ ამით მაინც ვგავართ?!“

                           ენი...




♥ თეეს და გიოს ♥


ორი მეგობარი,
ორი მესაიდუმლე და
მათ უკან მოსიარულე _
ენი_მუშტებით.

ორი მეგობარი,
ორი მესაიდუმლე და
უცნაურად აძგერებული_
ჩემი გულისცემა.

ორი მეგობარი,
ორი მესაიდუმლე და
ხელჩაკიდებული ბავშვი_
უსასრულობიდან გამოყოლილი...
არ მინდა ნაყინი,
არც შოკოლადის ფილა_
ერთი ნატეხი სიმყუდროვე მიწილადე.

არ მინდა ნაყინი,
არც შოკოლადის ფილა_
ერთი ნატეხი შვება მომგვარე.

არ მინდა ნაყინი,
არც შოკოლადის ფილა_
ურალოდ, შენი სევდიანი მზერა მაჩუქე...

მთვარე...

ფიქრი გაეწელა მთვარეს,
ცხვირზე ჩამოადნა ლოცვა.
რისთვის დაატარებს ამდენ_
ნაღველ_ სევდასა და ბოღმას?

მთვარეს გაეწელა ფიქრი.
გულში ჩაეღვენთა კონა_
სხივი მზის ნაჩუქარ თბილი,
იქნებ მოკრძალებით ლოცავს?

ფიქრი ეწელება მთვარეს,
უკვე აისი რომ დგება,
იქნებ მოეწყინა ღამით,
სუნთქვა_უჰაერო ცრემლთა...

თაეს...✿


შენზე ოცნებას გამოვეპარე,
მეცხრე სართულის
ძველი ფანჯრიდან.
ჩემი ფიქრები ჩამოვიბერტყე,
მტვრიან ეზოში
შიშით გავლილმა.


***

"რა უნდა გითხრა ამ ლექსების მეტი და გარდა?



მე ჩაგახედე გათელილ და დაკაწრულ სულში..."

                                                     

                                                      მამა პეტრე...







–ჩუუ, ნუ ცოდავ...

ნუ ჩაგრავ_
                  ცოდვაა.
ნუ უყურებ_
                  ცოდვაა.
ნუ ატყუებ_
                  ცოდვაა.
ნუ ოცნებობ_
                  ცოდვაა.

იქნებ ისიც მითხრა,

"_ნუ სუნთქავ_
                  ცოდვაა."

თუ ჯერ კიდევ სუფთაა ჰაერი?
მალე მაგასაც ამიკრძალავ.
ფიქრს კიდევ მოუხერხებს კაცი რამეს, მაგრამ_

არ ვისნუნთქო?

ჩუ! ნუ ლაპარაკობ უქმად_
                                             ცოდვაა.
ჩუ! ნუ ხარ ამპარტავანი_
                                             ცოდვაა.

ჰაერი ჩამოლპება სადაცაა და მერე მეტყვი:

"–ჩუ! ნუ სუნთქავ.
ჩუ! ნუ აზროვნებ.

თუმცა, არა მგონია გაგუდული სხეული რამესღა აზრობდეს...

6.05.2010

ENyის (მე) გიო მაკაველისგან :) [ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!!]

ხეტიალი ანუ ფანჯრიდან - ფანჯრამდე

   

                                        ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს მეგობარს და ნიჭიერ ადამიანს ენის...                                          ვუსურვებ უსაზღვრო სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას მის წინ გადაშლილ აუტანელ სამყაროში, სადაც

                                        ადგილები ძალიან ცოტაა.

                                        ღმერთი გფარავდეს ენი...



    საუზმეს ისევ ვჭამ, სადილიც ()კადრულობს, ვახშამი თითქმის არ "შემდგარა".

    გაიცანით, ჩემი ერთადერთი და საუკეთესო მეგობარი, ის არ არსებობს!

    ჩემს ფანჯარას ერთი ოთახი აქვს, აქ იშვიათად ვხედავ ადამიანებს. მე ყველაფერი მაქვს (რასაც მოვისურვებ, როცა მოვისურვებ და სადაც მოვისურვებ) სურვილების გარდა!

    მე არასდროს დამიტოვებია ბაკურიანის თეთრად გადამწვანებულ ფერდობებზე ჩემი ნაბიჯის ნაკვალები. ჩემს სკოლას და უნივერსიტეტს ფურცლები ჰქვიათ. მე კარგი ლექტორები მყავს. წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი, ზღვისფერი, ცისფერი, და მათ ყველას მელანი ჰქვია.

    ხშირად ვუყურებ ჩემი ფანჯრის ოთახიდან ეზოში მოთამაშე ბავშვებს. არასდროს მცმია თეთრი ფეხსაცმელი, არც სხვა ფერის.

იცით, მე სკამს ვერ ვიტან, ის არ მდგარა ჩემს ოთახში, აქ არაფერი დგას. მაგიდა კუთხეში წევს, საწოლი მის გვერდით ზის. კარადა?... არ ვიცი... (გა)დამავიწყდა. დიდი ხანია სინათლე არ ამინთია. რამდენიმე წლის წინ მკაცრი ტონით გამოვუცხადე ჩემი ოთახის მდგმურებს, რომ აქ არაფერი იდგებოდა!

    იცით, ჩემს ოთახს ერთი ფანჯარა აქვს. მე ბედნიერი ვარ.

    არ მიყვარს შავი ფერის შარვლები, არც სხვა ფერის.

    მე არასდროს ვარ მარტო, გვერდიდან არ მცილდება მარტოობა.

    ფერადი ფანქრები მიყვარს. ჩემი საყვარელი ფერი ოცნებისფერია. წუხელ გამითავდა, რაღაცას ვხატავდი. (თუ მხატავდა...)

    მე თქვენ არ გგავართ, მე არასდროს დამიდგამს ჭიანჭველასთვის ფეხი.

    ჩემი ოთახის ფანჯარა და სარკე არ გავს თქვენსას, ფანჯარა სულ მთლად მიბჯენილია იატაკს, სარკე კი ოდნავ მაღლა ჰკიდია კედელს. მე ასე მომწონს!

    იცით, არასდროს გამივლია ჩემს ოთახში და არასდროს დამიჩოქია წმინდა გიორგის ხატთან.

    მე არ მაქვს მართვის მოწმობა, მეშინია საჭესთან ჯდომის. არც არასდროს დავღლილვარ სიარულისგან, არ მიყვარს სეირნობა.

    არასდროს ავძრომილვარ სოფელში მეზობლის ბაღში მდგარ თუთის ხეზე. მე სოფელში არ ვყოფილვარ.

    ჩემთვის არასდროს დაუვლია ჟრუანტელს მთელს სხეულში...

    უსაქმურობას ვერ ვიტან, არასდროს ვმჯდარვარ ფეხი - ფეხზე გადადებული.

    მე არასდროს მჭირდება კიბე თაროდან წიგნის ჩამოსაღებად, ჩემთან ყველაფერი დაბალია. მე ასე მომწონს!

    გული მწყდება, რომ არასდროს მივხმარებივარ მეზობელს მძიმე ჩანთების სახლამდე მიტანაში.

    სიგარეტს ვერ ვეწევი, მე სირბილი არ შემიძლია, ამიტომაც ყოველთვის ის მეწევა მე...

    ჩემი ანდერძი დაწერილია უკვე, ის დაიწერა. ჩემი სასახლე უფრო მოკლე იქნება თქვენსაზე. მე ასე მომწონს!

    იცით, თქვენგან განსხვავებული ვარ. მე ცოცხალს მაქვს უკვე სამარე, იქ ჩემი სხეულის ნაწილები მარხია. ის არსებობს. ჩემს დანარჩენ მესაც ალბათ იქ დამარხავენ. მე ასე მინდა!

    მე ორად გამჭრეს!...

    მე არასდროს მითქვამს გამოთქმა "ფეხებზე მკიდია".

    იცით, ჩემი საყვარელი სიტყვაა არასდროს.

    იცით, მე ინვალიდი ვარ.

    მე ფეხები არ მაქვს...

    მომაჭრეს...

   

    იცით, ჩემს ოთახს ერთი ფანჯარა აქვს, მე ბედნიერი ვარ. მე ასე მინდა!

Powered By Blogger